English / ქართული / русский /
ნანული არევაძე
სინგაპურისა და მალაიზიის ეროვნული ინოვაციური სისტემები (ეის)

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია სინგაპურისა და მალაიზიის ეროვნული ინოვაციური სისტემების ჩამოყალიბების თავისებურებები და განვითარების ეტაპები განხორციელებული სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და უცხოური კაპიტალის ფართომასშტაბიანი მოზიდვის საფუძ¬ველზე. ნაჩვენებია, რომ სწრაფი ინოვაციური განვითარება შესაძლებელი გახდა მჭიდრო თანამ-შრომლობით სახელმწიფო ორგანოებს, კერძო სექტორსა და სამეცნიერო წრეებს შორის და მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციებით მეცნიერებაში. შედარებითი მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა სინგაპურის ეის მნიშვნელოვანი უპირატესობა თავის `დიდ მეზობელთან“ შედარებით.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული ინოვაციური სისტემები, ინოვაციური განვითარება, სახელმწიფო ინვესტიციები მეცნიერებაში

სინგაპურისა და მალაიზიის ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ისტორია წარმოადგენს ეროვნული ინოვაციური სისტემების `პარალელური~ მშენებლობის ერთ-ერთ მაგალითს. ისინი გეოგრაფიულად მეზობლები არიან და თავიანთი ინოვაციური სტრატეგიები ერთმანეთის მსგავსად შეიმუშავეს, ამასთან, მალაიზიამ ბევრ რამეში გამოიყენა ეკონომიკურად უფრო განვითარებული სინგაპურის გამოცდილება.
სინგაპური სამხრეთ აზიის ყველაზე პატარა ქალაქ-სახელმწიფოა 5,18 მილიონი მოსახლეობით, რომელთაგან მუდმივი მცხოვრები მხოლოდ 3,49 მილიონია და რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წარმატებით განახორციელა თავისი ეკონომიკის ტრანსფორმაცია და უკვე XX ს. ბოლოს გადაიქცა აზია-წყნარი ოკეანისა და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური მაჩვენებლის მიხედვით (მშპ მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე, საინვესტიციო მიმზიდველობა, მუშაობის, ცხოვრებისა და დასვენების პირობები, წიგნიერების დონე და ა. შ.). დამოუკიდებლობის მიღების მომენტში (1963 წ. აგვისტოში მან დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა მიიღო, 1965 წ. კი დატოვა მალაიზიის ფედერაცია) სინგაპური ძალზე პატარა და იმდენად ღარიბი ქვეყანა იყო, რომ სჭირდებოდა სასმელი წყლისა და სამშენებლო ქვიშის იმპორტიც კი. მეზობელ სახელმწიფოებს არამეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ. მოსახლეობის მესამედი სიმპათიურად იყო განწყობილი კომუნისტებისადმი, რასაც ემატებოდა რესურსებისა და ტერიტორიის სიმცირე. ასეთ სიტუაციაში დამოუკიდებელი არსებობის შენარჩუნება ძალზე სათუო იყო. ამის მიუხედავად ქვეყანამ ეს შეძლო ინოვაციური სტრატეგიის შემუშავებითა და რეალიზაციით, მთავრობის ახალი მეთაურის ლი კუან იუს ხელმძღვანელობით. სტრატეგია გულისხმობდა სინგაპურის გადაქცევას სამხრეთ აზიის ფინანსურ და სავაჭრო ცენტრად და უცხოური ინვესტიციების მაქსიმალურ მოზიდვას.

დღეს სინგაპური საქმიანი აქტივობის ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ცენტრია ფინანსების, ტრანსპორტის, IT ტექნოლოგიების და ბიოტექნოლოგიების სფეროებში.

როგორც არაერთი მკვლევარი აღნიშნავს, განსაკუთრებით კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწე სინგაპურელი ეკონომისტი პო კამ ვონგი თავის სტატიაში _ `ინოვაციური მოდელი სინგაპურის სამრეწველო სექტორში~ _ სინგაპურის ეკონომიკურმა განვითარებამ გაიარა ეროვნული ინოვაციური სისტემის 4 ეტაპი, მათგან პირველი (1965-70 წლების შუა პერიოდამდე) _ ინდუსტრიული ბიძგის ეტაპი იყო და ხასიათდებოდა მაღალი დამოკიდებულებით ტექნოლოგიების ტრანსფერებზე უცხოური ტრანსეროვნული კომპანიებიდან და მრეწველობის შრომატევადი დარგების განვითარებით.

''ხელოვნური აპარტეიდის'' პოლიტიკის განხორციელების შედეგად ყველაზე შრომატევად დარგებში, საზღვარგარეთული ტრანსეროვნული კომპანიების (ტეკ) აქტიური მოზიდვის შედეგად სინგაპურში სამრეწველო წარმოების საერთო მოცულობის დაახლოებით 3/4¾ახლა ამ კომპანიების საზღვარგარეთული ფილიალების წილად მოდის. ამასთან, უცხოელები ფლობენ სამრეწველო საწარმოების აქციონერული კაპიტალის 60%-ზე მეტს. სინგაპურის ეს მკაცრი სტრატეგიული მიბმულობა უცხოურ ტექნოლოგიურ წყაროებზე სამრეწველო განვითარების ადრეულ ეტაპზე, მას სხვა `აზიური ვეფხვების~ წრიდან აშკარად გამოარჩევს.

შიდა ტექნოლოგიური რესურსების განვითარების მეორე ეტაპზე (70-იანი წლების შუა პერიოდიდან 80-იანი წლების ბოლომდე) ეროვნული ტექნოლოგიური სტრატეგიის შემმუშავებლებმა განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი დამხმარე დარგების სწრაფი განვითარების სტიმულირებას მიაქციეს, რაც შესაძლებელი გახდა ტეკ-ის მიერ ახალი და განახლებადი ოპერაციებისა და პროდუქციის წარმოებით და ხელშემწყობი დარგების განვითარებით.

მესამე ეტაპი (80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების ბოლომდე) ხასიათდებოდა გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების განვითარებისადმი ყურადღების ამაღლებით საზღვარგარეთული ტრანსეროვნული კომპანიების (ტეკ) ადგილობრივი ფილიალების ბაზაზე, აგრეთვე ადგილობრივი ახალი სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების აქტიური შექმნის გზით IT ტექნოლოგიების, მიკროელექტრონიკის და `სიცოცხლეზე მეცნიერებების~ (life science) სფეროში, რომელთა საქმიანობა მიმართული იყო ინოვაციური პროცესების მხარდაჭერისა და ინოვაციური საქმიანობიდან შედეგების მიღებაზე.

მეოთხე ეტაპი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო, მდგომარეობდა სინგაპურის ხელმძღვანელობის მიერ მორიგი ამბიციური ამოცანის დასახვაში ეროვნული მაღალტექნოლოგიური წარმოების სწრაფი განვითარების თაობაზე, სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევებისა და დამუშავებების ბაზაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებით იმ მაჩვენებლებისათვის, რომლებიც ტექნოლოგიური ინოვაციებისათვის არის დამახასიათებელი, და დიდი მნიშვნელობის მინიჭებით IT და ბიოლოგიური სექტორისათვის.

ძირითადი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სამრეწველო-ტექნოლოგიური პოლიტიკის საერთო კოორდინაციას, არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული საბჭო (WSTB). ამის გარდა, პრიორიტეტული ტელესაკომუნიკაციო სფეროს განვითარების მხარდაჭერისათვის შექმნილი კომუნიკაციური ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალური სამინისტრო ორ სამთავრობო სააგენტოსთან ერთად.

1996 წ. სინგაპურის მთავრობამ გამოაცხადა ახალი გრძელვადიანი პროექტის _ ინოვაციური პროგრამის _ განხორციელების თაობაზე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ფართომასშტაბიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური ბაზის განვითარება ქვეყანაში კრეატიული კვლევების სტიმულირებისათვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სინგაპურში ბიოტექნოლოგიური ინოვაციების დაჩქარებული განვითარების პროგრამა. მისმა ინიციატორმა სახელმწიფო იდეოლოგიებმა დასახა მორიგი ამბიციური მიზანი _ ბიოსექტორის ყოველწლიური 6%-იანი ზრდა, რომლის მისაღწევად შემუშავდა ახალი პროექტების სახელმწიფო დაფინანსების ფართომასშტაბიანი ცალკე სქემა.

წამყვანი უცხოური კომპანიების მოსაზიდად სინგაპურის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების (სკსსს) განსახორციელებლად შეიქმნა სპეციალური `Biomedical Sciense Investment Fund~ 600 მლნ აშშ დოლარი სასტარტო კაპიტალით, ასევე, მიზნობრივი ვენჩურული კომპანია `Singapore Bioinnovativos~ (SBI) 21 მილიარდი აშშ დოლარი კაპიტალით, რომელიც გამიზნულია როგორც ახალი ეროვნული კომპანიების შექმნის მხარდასაჭერად, ისე სხვადასხვა უცხოურ ბიოტექპროექტებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.

სინგაპურის მთავრობის სხვა მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს კვლევითი ალიანსების აქტიური შექმნა დასავლურ წამყვან ბიოტექკომპანიებთან. მათგან ერთ-ერთია მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის Eli Lilly-სა და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ალიანსი ერთობლივი სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით.

სინგაპურის ეფექტიანი სამეცნიერო-კვლევითი სისტემის აგების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნო¬ლოგიური პარკების განშტოებული ქსელის შექმნა. მათგან პირველი სამეცნიერო პარკი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ იქნა ჯერ კიდევ 1980 წელს და გახდა მაღალტექნოლოგიური კომპანიების წარმომქმნელი საბაზო ინკუბატორი და ეროვნული სკსსს ძირითადი ცენტრი, რომელშიც უპირატესი განვითარება პოვა უფრო გამოყენებითი ხასიათის კვლევებმა, ვიდრე ფუნდამენტურმა.

მრავალწლიანი წარმატებული განვითარებით შთაგონებულმა სინგაპურის მთავრობამ ორი საუკუნის მიჯნაზე განახორციელა კიდევ ერთი ტექნოპარკული პროექტი _ `სუფთა ველზე~ ჰაი-ტეკ კომპლექსის მშენებლობა, რომელმაც უნდა შეასრულოს უკვე არსებული და ახლად შექმნილი ცენტრების უნივერსალური ინტეგრატორის როლი, უკვე ფუნდამენტურ კვლევებზე ორიენტაციით, რომელზეც 2010-2015 წლებში დაიხარჯა 9 მლრდ აშშ დოლარი.

სინგაპურის ინოვაციური კომპანიები წარმატებით წყვეტენ დიდი ქალაქების პრობლემას და ეს გადაწყვეტილებები მისაღებია არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური ბაზრისათვის ეფექტიანობისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით. ისინი ეფექტიანად ახორციელებენ საკუთარ პრაქტიკაში შემოწმებული ისეთი ფორმატის გადაწყვეტილებების ექსპორტირებას, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ჩინურ-სინგაპურული ინდუსტრიული პარკის მშენებლობა სუნჯოუში, საერთაშორისო ტექნოპარკისა ბანგალორში (ინდოეთი) და ვიეტნამ-სინგაპურის ინდუსტრიული პარკი.

ჩამდინარე წყლების ინოვაციური უტილიზაციის განხორციელებით, მიწის ფართობის შეზღუდულობის პირობებში, წვიმის წყლის შენახვით, სინგაპურმა შეიმუშავა სხვადასხვა სახის ეკონომიკური და საიმედო წყალმომარაგება, რომელიც ხორციელდება `ოთხი ეროვნული წყაროს~ პროექტის სახელწოდებით და მოიცავს გადამუშავებულ, გამტკნარებულ, დრენაჟირებულ და იმპორტულ წყალს. ამ პროექტმა 2010 წ. პრემია მიიღო `წყლის მეორადი გამოყენების~ სფეროში.

სინგაპურში, ინოვაციური საქმიანობის განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია სპეციალური საგადასახადო პირობები იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს ახორციელებენ. ამის გარდა, სამეცნიერო კადრების მომზადებისა და მოზიდვის მიზნით, რეფორმირებას განიცდის განათლების სისტემა პროექტის `ინოვაციური ერის~ რეალიზაციის ფარგლებში. ინოვაციურ პარკებში კი იქმნება ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციურ საქმიანობას, სკოლების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ჩათვლით. სინგაპურის საშინაო ეკონომიკური პოლიტიკა კი ეფუძნება ე.წ. სამ ''ვეშაპს''.
• სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას;
• კონფუციურ დინამიზმს;
• საერთაშორისო თანამშრომლობის მაქსიმალურ განვითარებას.
რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას იმაზეც, რომ სინგაპურში კვლევების დაფინანსება სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება. საჭიროა იმისი აღნიშვნაც, რომ ქვეყანაში 2009 წ. შეიქმნა ეკონომიკური სტრატეგიის სპეციალური კომიტეტი, რომელიც მოწოდებულია, გახდეს საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემმუშავებელი აზრობრივი ცენტრი ინოვაციების სფეროში. მოცემულმა კომიტეტმა, რომელიც წარმოადგენს ერთობლივი (კერძო-სახელმწიფოებრივი) ექსპერტების კომისიას, განსაზღვრა სინგაპურის განვითარების საბაზო სტრატეგია უახლოესი წლებისათვის:
• ცოდნის წარმოების მხარდაჭერა;
• ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა;
• კვლევებსა და დამუშავებებზე ხარჯების ზრდა მშპ 3%-დან 3,5%-მდე.

პროგნოზების მიხედვით, 2020 წ. ნავარაუდევია საქმიანი აქტივობის ცენტრის გადანაცვლება ევროპიდან და ამერიკიდან აზიაში (მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 60%-მდე). რამდენადაც სინგაპური სტრატეგიულად აზიისა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შუაგულშია, ეს კიდევ უფრო განამტკიცებს მისი, როგორც ცენტრის პოზიციებს.

თავის მხრივ, მალაიზიის ეროვნული ინოვაციური სისტემის (ეის) განვითარებისა და განმტკიცების სტრატეგია ეფუძნება სპეციალურ პროგრამას, Vision 2020-ს, რომელიც მისი ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან გეგმას წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლების მიერ, მრავალი წლის მანძილზე, ყურადღების მთავარ ობიექტს წარმოადგენს ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები (იკტ). მალაიზიის საკვანძო სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც ახდენენ პოლიტიკის კოორდინაციას ამ სფეროში, წარმოადგენენ, _ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამინისტრო (NITC), ინფორმაციის სამინისტრო და მალაიზიის განვითარების კორპორაცია.

1994 წ. შექმნილი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამინისტრო (NITC) წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიის მთავარ შემმუშავებელს ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების (იკტ) სფეროში და იმართება უშუალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ. მალაიზიის განვითარების კორპორაცია ხელმძღვანელობს მალაიზიის ეკონომიკის საკვანძო სამეცნიერო-ტექნოლოგიური კლასტერის სინგაპურის ტექნოპარკული სისტემის თავისებური `გაფართოებული ვერსიის~ მულტიმედიურ სუპერკორიდორის (Multimedia SuperCorridor (MSC)) _ მუშაობას. მულტიმედიურ სუპერკორიდორში ფორმალურად შედის მალაიზიის დედაქალაქი კუალა-ლუმპუსი და ხუთი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი: ტყუპი კოშკები Petzonas, ახალი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დედაქალაქი პუტრაჯაია, ფუტურისტული `ჭკვიანი კვლევებისა და განვითარების ქალაქი~ კიბერჯაია, მალაიზიის ტექნოლოგიური პარკი და კიდევ ერთი დედაქალაქური კოშკი _ კუალა ლუმპური.

1990-იანი წლების დასაწყისიდან მალაიზიის მთავრობამ მნიშვნელოვნად გაააქტიურა თავისი ძალისხმევა ქვეყნის გადასაქცევად იკტ ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების დახმარებით რიგ სპეციალურ პროგრამებში, რომელიც ფოკუსირებული იყო იკტ ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური შემადგენელი სექტორის დაჩქარებულ განვითარებაზე. კერძოდ, ახლა მულტიმედიური სუპერკორიდორის ფარგლებში პარალელურად ხორციელდება რვა ამბიციური პროექტი, გამიზნული წამყვანი მსოფლიო კომპანიების მოსაზიდად ამ სფეროში, მალაიზიაში თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შესაქმნელად.

ამის გარდა, დასმული ამოცანის მისაღწევად მალაიზიის მთავრობა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახორციელებს სახელმწიფო დაფინანსების აგრესიული ზრდის პოლიტიკას R&D. ასე მაგალითად, თუ 2000წ. სკსსს იხარჯებოდა მშპ 0,5%-ზე ნაკლები, 2010 წელს მან 1,0-ს გადააჭარბა (აბსოლუტურ ციფრებში ინვესტიციების მოცულობა 2000-2011 წლებში 6-ჯერზე მეტად გაიზარდა).

მთლიანობაში, თუ ერთმანეთს შევადარებთ სინგაპურისა და მალაიზიის ეის, შეიძლება აღვნიშნოთ საერთო ნიშნები მათ სტრატეგიებში. ორივე ქვეყანაში აქცენტი კეთდებოდა უცხოური მრავალეროვნული კორპორაციების მოზიდვაზე ქვეყნის ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მიზნით, ხოლო განვითარების გარკვეულ ეტაპზე ორივე ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკამ გადაინაცვლა ეროვნული ტექნოლოგიური პოტენციალის ზრდის წახალისების მიმართულებით. როგორც სინგაპურის, ისე მალაიზიის მთავრობები ხელს უწყობდნენ და ახლაც უწყობენ და აქეზებენ სამეცნიერო და ხაიტეკური პარკების ფართო ქსელის განვითარებას, მუდმივად აბანდებენ მასში სახსრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თუმცა, ამავე დროს, შეიძლება რიგი პრინციპული განსხვავების დანახვაც ამ ქვეყნების ეის ევოლუციაში. მათგან სინგაპურის სამრეწველო ტექნოლოგიური პოლიტიკა უფრო წარმატებული და უფრო მრავალფეროვანია. ის ბევრად უფრო დივერსიფიცირებულია დარგებისა და მიმართულებების მიხედვით. საბოლოო ჯამში, სინგაპურის ეის ბევრად უსწრებს თავის ''დიდ მეზობელს'', არა მხოლოდ მისი მაღალტექნოლოგიური სექტორის დიდი მოცულობის გამო, არამედ სინგაპურის კომპანიების მიერ გამოშვებული პროდუქციის სირთულითა და წინ წაწევის მასშტაბებით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. რ. აბესაძე, ინოვაციები და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების ზოგადი მიმართულებები საქართველოში. თსუ, პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, VIII, თბ., 2015.
2. ნ. არევაძე, სინგაპურის ინოვაციური პოლიტიკის თავისებურებები. თსუ, პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, IX. თბ., 2016.
3. Д. Нармания, М. Схиерели, По стопам Сингапура http: birrone, info/ articles 1344631928, php.
4. Селезнев П. С., Инновационная политика современного государства: стратегиа, модели, практика. М. 2014, http:/ libray. fa, ry/filey/Seleznev.pdf.
5. Беседан К. В. Сингапурская модель экономики для развития бизнеса на современном этапе. // молодой ученый – 2015 - №2- ст. 253-255 http:// moluch ru/archive/82/14956/